ფილოლოგიის დოქტორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მუშაობდა მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში სალიტერატურო ნაწილის გამგედ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის 23-ე, მე-6 და მე-18 სკოლებში, საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრალური ინსტიტუტის რექტორად, თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორად. ამჟამად კერძო სკოლა ლოგოსის დამფუძნებელი და დირექტორია.
გამოცემული აქვს წიგნები: საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე (1992, თანაავტორებთან ერთად); დავითიანის მხატვრულ სახეთა სისტემა (1998, სადისერტაციო ნაშრომი); ფიქრი განათლებაზე (2003).
ავტორი და გამომცემელია რამდენიმე პროექტისა: მსოფლიოს რჩეული მოთხრობების ექვსტომეული (2007-2008); მსოფლიო და ქართული ლიტერატურული შედევრების მოკლე შინაარსები (2009); სერია ქართველი მწერლები სკოლაში (1996-2009 წლებში გამოიცა 18 წიგნი). სიბრძნე მინიატურაში /მსოფლიოს ძველი და თანამედროვე ფილოსოფიური იგავები/ (2010); მხოლოდ შენ ერთს /ქართველ პოეტთა სასიყვარულო ლირიკა/(2013).
ავტორია პოეტური კრებულისა საღამოს ლექსები (2011) და პიესისა ღია გაკვეთილი, რომელიც დაიდგა 2008 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრში.
დაიბადა 1970 წლის 13 ნოემბერს ქ.თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის N3 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა; 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით; 1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. 2005 წელს გაზეთში “წიგნები“ დაიბეჭდა მისი სადებიუტო მოთხრობა “საახალწლო საკითხავი;“ 2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან („არილი,“ „ჩვენი მწერლობა,“ „ლიტერატურული პალიტრა,“ „ლიტერატურული გაზეთი“). მისი მოთხრობები შესულია: ლიტერატურულ კონკურს „პენ-მარათონი – 2007“ და „პენ-მარათონი – 2010“ კრებულებში; ასევე ლიტერატურულ კონკურს „წერო-2006“ და „წერო-2008“ კრებულებში (2008 წლის კრებულში შესულმა მოთხრობამ „მისი სახლი“ ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“ პრიზი დაიმსახურა); ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ მოთხრობათა კრებულში „39 რჩეული“ (2010წ); კრებულში „უსაზღვროდ“ – ქართველი ქალი ავტორები ომზე (2020 წ); გამომცემლობა „ბაკმის“ „სასკოლო ბიბლიოთეკის“ ტომში „თანამდროვე ქართველი ავტორების მოთხრობები“ (2020 წელი), გამომცემლობა პალიტრა L– ის ანთოლოგიაში „ქალის კალმით.“(2022წელი); 2007 წელს იყო ლიტერატურულ კონკურსის „წერო“ (პოეზიაში) ჟიურის წევრი; 2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული „ქიშმიშიანი ამბები“ (გამომცემლობა „დიოგენე“); 2010 წელს „ლიტ.სახელების“ კონკურსში მოთხრობამ „ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი“ მეორე ადგილი დაიმსახურა; 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალში; 2010 წელს წიგნი „ქიშმიშიანი ამბები“ ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის „საბას“ ლაურეატი გახდა დებიუტის ნომინაციაში; 2010-2022 წლებში სტუდენტური კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ ჟიურის წევრი; 2011 წელს მოთხრობა „რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები“ გერმანულ ენაზე ითარგმნა და პროექტის „ვენის ლიტერატურული კაფეების“ ფინალისტი გახდა; 2011 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული „ბიშას ბალიშები“ (ელექტრონული სახით)
ნატო დავითაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში 1964 წლის 3 ივლისს. მიღებული აქვს ტექნიკური განათლება. 1980-იან წლებში იყო სარედაქციო-საგამომცემლო საქმის სპეციალისტი. 2000-იანი წლებიდან წერს ფანტასტიკის ჟანრში. 2007 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ფენტეზი “ამბავი ლილე იროელისა”, რომელიც მომავალში „იროელთა ქრონიკების“ შვიდწიგნეულის ერთ-ერთ რომანად იქცა. მისი სტილი ეპიკურია, თხრობა – დინამიური. წიგნებში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ღრმა ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული მითოლოგიური თუ ეთნოგრაფიული რეალიები, ასევე ნებაზე მიშვებული ფანტაზია, რომელიც დროდადრო წარმოუდგენელ სიუჟეტებს გვთავაზობს.
სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი, ეს ის ჟანრებია, რომელთაც ნატო დავითაშვილის წიგნებში შეხვდებით. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს ქართულ ლიტერატურაში პირველად სწორედ ნატო დავითაშვილმა მიმართა.
მიღებული აქვს ლიტერატურული პრემიები „გალა“ და „გოგებაშვილის პრემია“. იყო „საბას’ ნომინანტი.
ამჟამად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ლელა კოტორაშვილი 1986 წელს დაიბადა ქალაქ თბილისში. 2003-2007 წლებში სწვლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 2014 წელს მონაწილეობა მიიღო განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგამაში „ასწავლე საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებში მაღალმთიანი რაჭის სოფელ უწერას საჯარო სკოლაში სამი წელი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. 2017 წელს სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტში შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით. 2018 წელს მონაწილეობა მიიღო კონკურსში „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ და გახდა ხუთეულის წევრი. 2018 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ ლელა კოტორაშვილის ბლოგზე განთავსებული წერილები, რომლებიც მის მასწავლებლურ გამოცდილებას ასახავდა, წიგნად გამოსცა სახელად -„მოსიარულე გაკვეთილები“. 2018 წლიდან არის ინტერნეტჟურნალ „Mastsavlebeli.ge”-ს ავტორი და გამოქვეყნებული აქვს 90-მდე საგანმანათლებლო შინაარსის სტატია. 2018 წლიდანმუშაობს ქალაქ თბილისის 59-ე საჯარო სკოლაში. ლელა კოტორაშვილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლი; ასევე, საგანმანათლებლო პორტალის „El.ge” რესურსების ერთ-ერთი ავტორი. 2022 წლიდან ასწავლის კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის სტუდენტებს.
ნინო სადღობელაშვილი _ დაიბადა თბილისში, 1980 წლის 30 იანვარს. 1997-2002 წლებში სწავლობდა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი).
2002-2004 წლებში მუშაობდა სკოლა-გიმნაზია „გორდაში“, საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებლად.
2002 წლიდან მუშაობს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად.
2019-2021 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში, პროექტების კოორდინატორად.
არის ინტერნეტ-ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს ერთ-ერთი ავტორი.
2011 წელს, მეგობრებთან ერთად, დაააარსა სტუდია „ხომლი“, რომელიც საგანმანათლებლო-შემეცნებით დოკუმენტურ ფილმებსა და პროექტებზე მუშაობს.
პირველი ლიტერატურული პუბლიკაცია ჰქონდა გაზეთ „პარნასში“, 2004 წელს. პირველი პროზაული კრებული „ბამბაზიის სამოთხე“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2006 წელს დასტამბა.
მას შემდეგ, აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მის მიერაა დასტამბული ნინო სადღობელაშვილის პოეტური თუ პროზაული კრებულები და რომანები (პოეტური კრებულები – „შუაღამის იავნანა“, „ფრთები და ხელები“, „ასი ლექსი“; პროზაული კრებული „იასამნის სეზონი“; რომანები – „ორსული“, „თავშესაფარი“, „წამი აქა, წამი იქა“, „განძის თეატრი“, „დაბადების დღე“).
წერს პიესებს თეატრისათვის და სცენარებს კინოსათვის. თანამშრომლობს თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის თეატრებთან. სულ ცოტა ხნის წინ, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ხალდე“(რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე).
2018 წელს დაააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი“, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში (ლიეტუვა, გერმანია, სამხრეთ კორეა).
არის რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, თურქულ, ლიეტუვურ, აზერბაიჯანულ და კორეულ ენებზე.
დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დ/ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ( გერმანული ენა და ლიტერატურა ). წლების მანძილზე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში გერმანული ენის მასწავლებლად.
სტუდენტობის დროიდან მოყოლებული აქტიურ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწევა და ნათარგმნი აქვს შტეფან ჰერმლინის „საღამოს ნათება“ (1991 წ.), თარგმანისთვის მიენიჭა რეზო (ბუბა) ყარალაშვილის პრემია; პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2006 წ.); ჰაინრიხ თეოდორ ველეს „მოგზაურობა საქართველოში”, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2010 წ.); გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლი“, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); ოლივერ კანის „ნომერი პირველი“, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); ელიას კანეტის მარაკეშის ხმები, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2012 წ.); რუდოლფ ოიკენის ჩემი ცხოვრების ამბავი, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2014 წ.); ნინო ხარატიშვილის ჟუჟა, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2014 წ.); ჰერტა მიულერის ჩემი სამშობლო იყო ვაშლის კურკა,
თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი (2015 წ.) თომას მანისა და ჰერმან ჰესეს პირადი მიმოწერა, თანამთარგმნელი ეკატერინე რაისნერი) (2016 წ.).
გარდა ამისა, ნატალია ნადირაშვილი გახლავთ საბავშვო ნაწარმოებების ავტორიც. ის წერს და საბავშვო ჟურნალებში აქვეყნებს ლექსებსა და ზღაპრებს.
2015 წელს გამოსცა პირველი საბავშვო კრებული ახალი ძველი ზღაპარი 2016 წელს კი „დევების ზღაპარი“.
დაიბადა 1947 წელს. 1965-1974 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ქართულ ფილოლოგიასა და ჟურნალისტიკას. სხვადასხვა დროს მუშაობდა მწერალთა კავშირის ალმანახ კრიტიკის რედაქტორის მოადგილედ, მთარგმნელობითი კოლეგიის რედაქტორად, გაზეთ მამულის რედაქტორის მოადგილედ, გაზეთ მშობლიური კერის რედაქტორად, ჟურნალ ქართული მწერლობის რედაქტორად, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ, ამჟამად ამავე ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელია. იგი არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2003).
ავტორია ოცი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნისა და სამასზე მეტი სამეცნიერო და ლიტერატურულ-კრიტიკული ნაშრომისა.
მეცნიერული ინტერესის სფეროები: ლიტერატურის ისტორია და თეორია, სალიტერატურო კრიტიკა, ჟურნალისტიკის ისტორია და თეორია, ფოლკლორი, ლინგვისტიკა.
წმიდა ანდრიას ქართული უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი , უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. წლების მანძილზე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის კითხულობს მათემატიკის ძირითად და სპეციალურ კურსებს სხვადასხვა ფაკულტეტზე; პარალელურად, ხანგრძლივი დროით, მუშაობდა საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებლად; მიწვეული იყო ექსპერტად სხვადასხვა საგანმანათლებლო ცენტრის მიერ; ახლაც აგრძელებს თანამშრომლობას ამ მიმართულებით;
იგი არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის განათლების კომისიის თავმჯდომარე; საერთაშორისო რეფერატულ ჟურნალ Zentralblatt-ის თანამშრომელი; მოპოვებული აქვს სამეცნიერო და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი გრანტები;
მისი სამეცნიერო ინტერესები უკავშირდება ანალიზურ რიცხვთა თეორიას. იგი ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეძღვნება რიცხვთა კვადრატული ფორმებით წარმოდგენის აქტუალურ საკითხებს; აგრეთვე, ავტორია 70 სასწავლო და მეთოდიკური ნაშრომისა და სახელმძღვანელოსი (მათ შორის – გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული საშუალო სკოლის I – XII კლასების მათემატიკის გრიფირებული სახელძღვანელოების თანაავტორი).
იგი მათემატიკის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეა. მისი მოხსენებები და თეზისები გამოქვეყნებულია ამ კონფერენციათა სამეცნიერო პუბლიკაციებში; აღსანიშნავია მისი მუშაობა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის არაერთი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტების წევრად.
დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქალაქ თბილისში. 1948 წელს დაამთავრა 1953 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1955-1960 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ქართული ფილმის სასცენარო განყოფილების რედაქტორად და მთავარ რედაქტორად, ხოლო 1964-1968 წლებში სასცენო-სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. 1973-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის დირექტორი, კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი რედაქტორი (1968-1988 წწ.), მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.), რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი (1989-1991 წწ.). იყო სსრკ სახალხო დეპუტატი, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი ([1989-1991 წწ.). 1991-1996 წლებში კითხულობდა ლექციებს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1995 წელს აირჩიეს გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრად.
გარდაიცვალა1999 წლის 6 დეკემბერს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1967-1972 წლებში იყო ჟურნალ ნიანგის რედაქტორი. 1972 წლიდან საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი და სსრკ-ის მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი.
ნოდარ დუმბაძის პირველი ლექსები თსუ-ის სტუდენტურ ალმანახში დაიბეჭდა. 1950 წლიდან მისი ლექსები და იუმორისტული მოთხრობები სისტემატურად ქვეყნდებოდა ქართულ პრესაში. მოთხრობების პირველი კრებული სოფლელი ბიჭი გამოქვეყნდა 1960 წელს.
ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის რომანები: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (1960), მე ვხედავ მზეს (1962), მზიანი ღამე (1967), ნუ გეშინია, დედა! (1971), თეთრი ბაირაღები (1973), მარადისობის კანონი (1978). მისი რომანების მიხედვით გადაღებულია კინო-ფილმებიც: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რეჟისორი თენგიზ აბულაძე), მე ვხედავ მზეს (რეჟ. ლანა ღოღობერიძე), „გზა მშვიდობისა, ჯაყო!“ /„ნუ გეშინია, დედას!“ მიხედვით/ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი).
ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, მოლდავურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ, პოლონურ, იაპონურ, თურქულ, არაბულ და სხვა ენებზე. დუმბაძეს ეკუთვნის ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებული.
გარდაიცვალა 1984 წელს. თავდაპირველად დაკრძალული იყო თბილისში, საბავშვო ქალაქ მზიურში, რომლის აშენების იდეა თავად ეკუთვნოდა, ხოლო 2009 წლის 14 სექტემბერს მისი ნეშტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაასვენეს.
დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ პიონერის,. 1967-1982 წლებში ჟურნალ დილის, 1982 წლიდან კი ალმანახ საუნჯის მთავარი რედაქტორი. 1988-1992 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ პირველ სხივში, პირველი წიგნი – 1955 წელს.
მუხრან მაჭავარიანის პოეზია სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული, პათოსითა და სიმახვილით გამოარჩევა პოეტის რამდენიმე ლექსი, რომელშიც ხაზგასმულია შემოქმედის, როგორც მოქალაქის პოზიცია (სხდომა, ხმას ამოიღებ…, რაშია საქმე და სხვა). მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ ლირიკას, ასევე სოფლის თემას (მშობლიური პეიზაჟები, ნოსტალგიური განწყობილებები…), ცნობილი ისტორიულ ამბებისა და პერსონაჟების ახლებური თვალთახედვით წარმოსახვას.
ინტელექტმა გამოსცა მუხრან მაჭავარიანის ოთხი წიგნი: პოეტური კრებულები – 100 ლექსი, ბიჭო, არ შემარცხვინო!, მთიები (საყმაწვილო კალენდარი) და ჩანაწერები – ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
გარდაიცვალა 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოსვლის დროს, გულის შეტევით.
დაიბადა 1986 წელს, ქალაქ ბათუმში. 2003 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე და 2010 წელს მიიღო მაგისტრის, ხოლო 2014 წელს – ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი.
წლების განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად, ამუშავებდა და ქმნიდა საავტორო საბავშვო ტექსტებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავი მასწავლებლის პროფესიაში იპოვა. სწორედ ეს პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ.
მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით „სული-ჩიტი“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. მეორე წიგნი – „საშლელები“ „ინტელექტმა“ 2019 წლის ბოლოს გამოსცა. ორივე წიგნი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზე გვიყვება. „საშლელები“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2020 წლის ეროვნულ ბესტსელერად გამოაცხადა.
დაიბადა 1924 წელს. იგი 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით ლაგერში გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი.
განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი).ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა.
1999 წელს წითელ დიპლომზე დაამთავრა ქალაქ თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ქართული ენა, ლიტერატურა და ხელოვნებათმცოდნეობა. იყო აკაკი გაწერელიასა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელობითი სტიპენდიანტი. ამავე წელს ჩაირიცხა აღნიშნული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასპირანტურაში. დაამთავრა წარჩინებით. დაამუშავა თემა „პოეტური ლიცენცია და ნეოლოგიზმები გიორგი ლეონიძის შემოქმედებაში“.
2000 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის 83-ე საჯარო სკოლაში. ასწავლიდა ქართულს, როგორც მეორე ენას, მშობლიურ ენასა და ლიტერატურას და ხელოვნებას. ამჟამად მუშაობს თბილისის 182-ე და 156-ე საჯარო სკოლებში. აქვს სკოლაში მუშაობის 22წლიანი გამოცდილება. 2015 წლიდან დღემდე არის Microsoft-ის ინოვაციური და ექსპერტი მასწავლებელი. არის პროგრამა etwinnig-ის წევრი. არის USID-ის ლიდერი მაწავლებელი.
ეთერ მესტვირიშვილთან ერთად აქტიურადაა ჩართული განათლების სისტემის რეფორმაში. ავტორები კარგად იცნობენ მოზარდის ასაკობრივ თავისებურებებს, მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს. მათი პედაგოგიური პრაქტიკა თავისებურად აისახა მათ მიერ შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოებში.
1992 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრის დოცენტი, ვიყავი. ამჟამად ვარ: ლამარა ქურჩიშვილი – ქ. თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, მენტორი; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თსუ, მოწვეული პედაგოგი, აკადემიური დოქტორი.
ია მებონია, მათემატიკის დოქტორი, მენტორ-მასწავლებელი, 30 წელზე მეტია, რაც განათლების სფეროში მუშაობს; არის თსუ მათემატიკური განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი, თთა-ს მასწავლებელთა მომზადების პროგრამის ასოცირებული პროფესორი, ოქლიფის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, BTU-ს მოწვეული ლექტორი. წლების განმავლობაში მუშაობდა თსუ უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (მასწავლებლის სახლი) მათემატიკის ტრენერ-კონსულტანტად, ამერიკული აკადემიის დისტანციური სწავლების პროექტის მათემატიკის მიმართულების კონსულტანტად, პროექტ „საშინაო სკოლის“ პედაგოგ-კონსულტანტად, სხვადასხვა სკოლის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების მათემატიკის პედაგოგად. არის მრავალი რესპუბლიკური და საერთაშორისო სამეცნიერო და მეთოდიკური კონფერენციის მონაწილე, სამეცნიერო სტატიების ავტორი. 20 წელზე მეტია თანამშრომლობს გამომცემლობა „ინტელექტთან“, არის რამდენიმე ათეული სახელმძღვანელოსა და ამოცანათა კრებულის ავტორი და თანაავტორი.
ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი – წითელ დიპლომზე. გამორჩეული მოსწავლე და სტუდენტი იყო. მონაწილეობდა და იმარჯვებდა მოსწავლეთა და სტუდენტთა ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. სამეცნიერო მუშაობა სტუდენტობის პირველი წლებიდან დაიწყო. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მე-4 კურსზე, როცა შეძლო ცნობილი ფრანგი მეცნიერის ჟოზეფ ლიუვილის ფორმულების დამტკიცება. ამ ფორმულების დამტკიცებას მათემატიკოსები 100 წლის მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ. მიღებული სამეცნიერო შედეგები საფუძვლად დაედო თეიმურაზის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებს; მოპოვებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატისა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხები.
შრომითი საქმიანობა დაიწყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. შეთავსებით დაიწყო მუშაობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს მათემატიკისა და ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. შემდგომში შრომითი საქმიანობა განაგრძო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; მოგვიანებით გახდა ამ კათედრის გამგე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მეთოდ-საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. 2006 წლიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე განაგრძო მუშაობა. იყო კათედრის გამგე, სრული პროფესორი. 2018 წლიდან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს ფაკულტეტის მათემატიკურ განათლებაში სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. ჩამოაყალიბა და არის მთავარი რედაქტორი ფაკულტეტის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „მათემატიკა“.
ეწევა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას მათემატიკასა და სწავლების მეთოდიკაში. მონაწილეობას იღებდა და იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა(მაგ: საფრანგეთში, უნგრეთში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, რუსეთში, საქართველოში). მიწვეული იყო ცნობილ „ბანახის ცენტრში“ ლექციების წასაკითხად. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 55 – რიცხვთა თეორიაში(მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, მაგ: Acta Arithmetica, International Journal of Number Theory). არის უმაღლესი და საშუალო სკოლის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, მოპოვებული აქვს „სოროსის“ ფონდის პრემია. დაჯილდოებულა ღირსების ორდენით. სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა და მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 20 სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია.