ნინო სადღობელაშვილი _ დაიბადა თბილისში, 1980 წლის 30 იანვარს. 1997-2002 წლებში სწავლობდა კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების სპეციალობაზე (სახელოსნოს ხელმძღვანელი – ვახუშტი კოტეტიშვილი).
2002-2004 წლებში მუშაობდა სკოლა-გიმნაზია „გორდაში“, საზღვარგარეთის ლიტერატურის მასწავლებლად.
2002 წლიდან მუშაობს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“, ლიტერატურული რედაქციის კორესპონდენტად.
2019-2021 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებაში, პროექტების კოორდინატორად.
არის ინტერნეტ-ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს ერთ-ერთი ავტორი.
2011 წელს, მეგობრებთან ერთად, დაააარსა სტუდია „ხომლი“, რომელიც საგანმანათლებლო-შემეცნებით დოკუმენტურ ფილმებსა და პროექტებზე მუშაობს.
პირველი ლიტერატურული პუბლიკაცია ჰქონდა გაზეთ „პარნასში“, 2004 წელს. პირველი პროზაული კრებული „ბამბაზიის სამოთხე“ გამომცემლობა „ინტელექტმა“ 2006 წელს დასტამბა.
მას შემდეგ, აქტიურად თანამშრომლობს გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მის მიერაა დასტამბული ნინო სადღობელაშვილის პოეტური თუ პროზაული კრებულები და რომანები (პოეტური კრებულები – „შუაღამის იავნანა“, „ფრთები და ხელები“, „ასი ლექსი“; პროზაული კრებული „იასამნის სეზონი“; რომანები – „ორსული“, „თავშესაფარი“, „წამი აქა, წამი იქა“, „განძის თეატრი“, „დაბადების დღე“).
წერს პიესებს თეატრისათვის და სცენარებს კინოსათვის. თანამშრომლობს თბილისისა და სხვადასხვა რეგიონის თეატრებთან. სულ ცოტა ხნის წინ, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრში დაიდგა მისი პიესა „ხალდე“(რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე).
2018 წელს დაააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი“, რომლის ფარგლებშიც უკვე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.
მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში (ლიეტუვა, გერმანია, სამხრეთ კორეა).
არის რამდენიმე ლიტერატურული ჯილდოს მფლობელი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, თურქულ, ლიეტუვურ, აზერბაიჯანულ და კორეულ ენებზე.