ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი – წითელ დიპლომზე. გამორჩეული მოსწავლე და სტუდენტი იყო. მონაწილეობდა და იმარჯვებდა მოსწავლეთა და სტუდენტთა ოლიმპიადებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. სამეცნიერო მუშაობა სტუდენტობის პირველი წლებიდან დაიწყო. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მე-4 კურსზე, როცა შეძლო ცნობილი ფრანგი მეცნიერის ჟოზეფ ლიუვილის ფორმულების დამტკიცება. ამ ფორმულების დამტკიცებას მათემატიკოსები 100 წლის მანძილზე ამაოდ ცდილობდნენ. მიღებული სამეცნიერო შედეგები საფუძვლად დაედო თეიმურაზის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებს; მოპოვებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატისა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხები.
შრომითი საქმიანობა დაიწყო ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში, მიენიჭა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის წოდება. შეთავსებით დაიწყო მუშაობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს მათემატიკისა და ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის. შემდგომში შრომითი საქმიანობა განაგრძო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; მოგვიანებით გახდა ამ კათედრის გამგე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მეთოდ-საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს პროფესორის წოდება. 2006 წლიდან ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრაზე განაგრძო მუშაობა. იყო კათედრის გამგე, სრული პროფესორი. 2018 წლიდან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობს ფაკულტეტის მათემატიკურ განათლებაში სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს. ჩამოაყალიბა და არის მთავარი რედაქტორი ფაკულტეტის სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის „მათემატიკა“.
ეწევა აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას მათემატიკასა და სწავლების მეთოდიკაში. მონაწილეობას იღებდა და იყო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებოდა(მაგ: საფრანგეთში, უნგრეთში, ლიეტუვაში, ესტონეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, რუსეთში, საქართველოში). მიწვეული იყო ცნობილ „ბანახის ცენტრში“ ლექციების წასაკითხად. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 55 – რიცხვთა თეორიაში(მაღალი იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალებში, მაგ: Acta Arithmetica, International Journal of Number Theory). არის უმაღლესი და საშუალო სკოლის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორი, მოპოვებული აქვს „სოროსის“ ფონდის პრემია. დაჯილდოებულა ღირსების ორდენით. სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა და მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 20 სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია.